საზოგადოებრივ ტრანსპორტებში კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას ჰაკერული ჯგუფი Anonymous იღებს. პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე Anonymous-ი წერს, რომ კიბერთავდასხმა მათთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. „ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის – თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება“, – წერს Anonymous-ი.
შეგახსენებთ, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები გუშინ ჩაირთო. თბილისის მერიამ აპარატები დროებით გათიშა, მოგვიანებით კი აღადგინა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერი შეღწევის მუხლით არის დაწყებული.