აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა და დამნაშავე ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.