აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 310 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. როგორც ამერიკაში აცხადებენ, შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს არამარტო მათი ქვეყნის ინტერესებს, არამედ გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტას, ომის მხარეები კვლავ ვერ აღწევენ ამ საკითხზე შეთანხმებას. უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ მზად არის ამას დათანხმდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღე გაგრძელდება, რაც პუტინმა რამდენჯერმე გამორიცხა.72-საათიან ცეცხლის შეწყვეტას ზელენსკი თეატრალურ წარმოდგენას უწოდებს და განმარტავს, რომ სამ, ხუთ ან შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია. კრემლში კი ზელენსკის პასუხობენ, რომ მეტი სიცხადე გამოიჩინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.