ამერიკულმა მხარემ უკრაინას სამშვიდობო გეგმის პროექტი გადასცა

21:10, 20.11.2025

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალი გეგმა, რომელიც ვაშინგტონში მუშავდება.

28-პუნქტიანი პროექტის რამდენიმე დეტალი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების გვერდებზე ხვდება. მედიის ინფორმაციით, გეგმა აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების კონსულტაციების შედეგად მომზადდა და ის ორივე მხრიდან გარკვეულ დათმობებს გულისხმობს. ცოტა ხნის წინ უკრაინამ დაადასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ გეგმის პროექტი უკვე გადასცა. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უკრაინის მხრიდან რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის დონბასის ნაწილზე კონტროლის დათმობას ითვალისწინებს, პროექტის მიხედით, უნდა შემცირდეს უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობა და შეჩერდეს ამერიკის სამხედრო დახმარებაც. საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეც. ამ ეტაპზე გასაიდუმლოებული გეგმის შესახებ არაოფიციალური ცნობების გავრცელება დროში ემთხვევა თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლას – უკრაინის პირველი პირი ზაფხულის შემდეგ ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაახლებლად თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებას ცდილობს. კონსულტაციები ევროპის ქვეყნების გარეშე მიმდინარეობს – ევროპელი ლიდერების მხრიდან მედიით გავრცელებული ცალკეული პუნქტები კაპიტულაციად ცხადდება. ბრიუსელის გზავნილია, რომ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები უნდა მონაწილეობდნენ. რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის მოთხოვნა უკვე გაისმა.

მსგავსი