ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე ეხება 2025 წლის 4 მაისის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ალეკო ელისაშვილის დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობაზე იმსჯელეს. ის წინა სხდომიდან მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის მომდევნო სხდომიდან საქმის არსებით განხილვებს დაესწრება.
შეგახსენებთ, გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვა სცადა და საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისთვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.