ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე სასამართლო სხდომა
ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხვალ გაიმართება. ბრალი ოფიციალურად ხუთ პირს აქვს წარდგენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.
უწყების ცნობით, დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა, რის შემდეგაც, მათ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ ოქმზე, რომელიც მათ სამართალდამცველებმა კლინიკაში წარუდგინეს.
მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმის მიუხედავად, რომ კლინიკამ მათი საავადმყოფოდან გაწერის რეკომენდაცია გასცა, დაშავებულები ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. მათი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის მიხედვით, პაციენტებს კვლავ ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ.