ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ახალციხეში გაიმართება. სხდომაზე ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცესი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პროკურატურამ ბრალდება ხუთ პირს წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებული დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა საგამოძიებო უწყებამაც. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით, ხუთ პირს, ბრალი 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი. განცხადების მიხედვით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები. დადგინდა, რომ დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.