ახალი საკანონმდებლო ცვლილებები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ახალ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავს. ინიციატივით განისაზღვრება, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდადებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე ან უფლებამონაცვლე პირზე გადავა.