ახალი პლატფორმა – „კარპატების რვიანი“
უკრაინის პრეზიდენტმა ახალი რეგიონული პლატფორმა „კარპატების რვიანი“ დააფუძნა, რომელიც რეგიონის რვა სახელმწიფოს აერთიანებს და რომლის პრიორიტეტულ მიზანს ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენს. კურორტ ბუკოველში სამიტზე შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელეს.
ეროვნული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან ქმედით მხარდაჭერას ითხოვს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განიხილება. ამავდროულად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების, საბანკო სექტორისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს ითვალისწინებს. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება.