„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი

სამოქალაქო დავები და სოციალური მუშაკების საქმიანობა. ამ საკითხებზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართავს. წარმომადგენლის განცხადებით, საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მამის მხრიდან, მათი ბებიისგან განცალკევების მცდელობაზე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სოციალური მუშაკები, სავარაუდოდ, მამის სასარგებლოდ შექმნილ კორუფციულ გარიგებაში იღებდნენ მონაწილეობას, რომელსაც, მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, პროკურორი ზაზა კვირკველია მფარველობს.

არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ბავშვებს მამასთან ცხოვრება არ სურთ და სოციალურმა მუშაკებმა დასკვნები ბავშვების ინტერესების საზიანოდ გამოიტანეს. სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო საპასუხოდ აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახურ დავასთან დაკავშირებით, სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ, რომ საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე დაცული იყოს ბავშვების ინტერესი და უსაფრთხოება.