ახალი რეალობა ავღანეთში

უკიდურესად რთულია ვითარება ავღანეთში – მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებას ცდილობს. ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოტური ვითარების შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. კადრებმა, რომელიც მედიით ვრცელდება, მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია.

ადგილობრივები დღეს სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ. ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების შესვლიდან 20 წლის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანმა“ დედაქალაქი დაიკავა და ომი დასრულებულად გამოაცხადა. რამდენიმე საათში დოჰაში მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის საკითხს განიხილავენ.