აია სოფია - პარასკევის მუსლიმური ლოცვა 86 წლის შემდეგ

ბოლო 86 წელიწადში პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. მუსლიმმა მომლოცველებმა შეკრება ადგილობრივი დროით, დილის 10 საათიდან დაიწყეს. თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმობათ. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ლოცვამდე და ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება.

აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააშენა. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს, თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მიმდინარე თვის დასაწყისში, თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აია სოფია ისევ მეჩეთად გადაკეთდებოდა. 1985 წელს, აია სოფია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა.