აღკვეთის ღონისძიება ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელებისთვის
სასამართლო მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში იწყებს მსჯელობას. სხდომა დაგვიანებით იმართება, რადგან მოსამართლემ საქმის განხილვა აიცილა და ახალმა მოსამართლემ კი მასალების გასაცნობად დრო მოითხოვა.
ალექსანდრე ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, ვლადიმერ გოდერძიშვილის, საბა წაველიძისა და ვანიკო მისირელის აღკვეთის ღონისძიების საკითხს ახლა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. სხდომა გორში მიმდინარეობს. პოლიციელებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. გამოძიება დაწყებულია ასევე პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომლის ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში არ ფიქსირდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული.