სასამართლომ, საბოტაჟის საქმეზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გვიან ღამით მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს – ჯაფარიძისა და ხაზარაძის ადვოკატები მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ამასთან, სასამართლომ ასევე იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის თარიღზეც. პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.