კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, დაცვის მხარე კი ლობჟანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.