სასამართლომ ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

15:06, 25.07.2026

საქალაქო სასამართლომ ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული ნიკა კაპანაძეა მოთავსებული. მას დაკავების დროს თითები დაუზიანდა. კლინიკის დატოვების შემდეგ, კაპანაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა ორი დღის წინ ვერაზე, შანიძის ქუჩის 31 ნომერში მოხდა – მოკლულია 17 წლის ახალგაზრდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძეს მის საცხოვრებელ კორპუსთან შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. ახალგაზრდები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

კაპანაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში მის სახლში დააკავეს, რა დროსაც სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია, ის სამართალდამცავებს სახლში იარაღით დახვდა. დაკავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაგეგმილია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.

მსგავსი