მეწარმეს, რომელიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საწარმოდან 17 200-ზე მეტი ფალსიფიცირებული თევზის კონსერვია ამოღებული. პროდუქტებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, საკვები მოხმარებისთვის უვარგისია. როგორც ირკვევა, რიგ შემთხვევებში კონსერვს ექსპერტიზაც ვერ ჩაუტარდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო, ექსპერტის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.