აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი – უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს.
პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა. გამოძიება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.