7 ნოემბრის საქმეზე ბრალდების მოწმე დაიკითხა

7 ნოემბრის საქმეზე, ბრალდების მოწმე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი ვიტალი ელიგულაშვილი დაიკითხა. სხდომაზე მან აღნიშნა, რომ ქარხნის დირექტორად მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. მოწმის თქმით, მითითებებს მას ჯოზეფ ქეი აძლევდა, რომლის დავალებითაც, 2008 წელს ერთ-ერთ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. პროკურორის განმარტებით, სწორედ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას 35 მილიონამდე ლარის ზარალი მიადგა.

ასევე დაიკითხნენ ადვოკატები, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობდნენ.

7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის” დარბევისა და ბადრი პატარკაციშვილის წილების გასხვისების საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი.

საქმეზე შემდეგი სხდომა 4 ივლისს კვლავ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.