მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკურ თემებზე საუბრით დაიწყო. ოპოზიციის ნაბიჯებსა და გეგმებთან დაკავშირებით ბრალდებული პრეზიდენტის განცხადებები დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა. ამის შემდეგ დაიკითხა ბრალდების ერთი მოწმე – გამომძიებელი. მხარეებს პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.