4 ოქტომბრის საქმე - სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა. ისინი სხდომაზე დისტანციურად ერთვებოდნენ, რადგან საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, მათი სასამართლოში ეტაპირება ვერ განხორციელდა. ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. მიზეზი ბრალდებულების სხდომაზე ფიზიკური დასწრების სურვილია. მოსამართლემ პროცესი 12 იანვრამდე გადადო.
საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე. მათ ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის აქვთ წარდგენილი, ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.