პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან შვილის დაბადების დღეზე დროებით მიიყვანეს, პენიტენციური სამსახური ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან. მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა,“ – წერია განცხადებაში.