პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელ Instagram-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე, მუქარისა და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.
ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.