მერაბ დვალიშვილი თბილისშია. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ზემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრებს ემოციური დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან სამომავლო ბრძოლებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.
მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 14 სექტემბერს, მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 18 იანვარს კი ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მოასპარეზე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
მერაბ დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრიდან 19 მოიგო და 4 დათმო. უმარ ნურმაგომედოვთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.