საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. იტალიაში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თოთხმეტი მედალი და გუნდური პირველი ადგილები დაიკავეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა კოჩალიძემ იზეიმეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი, დაჩი პაპინაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდნენ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ნაკრების მწვრთნელები, ექიმები და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.