ომი უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთის მიერ ღამით ნასროლი 18 რაკეტიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა. ვალერი ზალუჟნის თქმით, კიევში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, თუმცა, ქალაქ პავლოგრადზე იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას კი მსხვერპლი მოჰყვა. ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოპოლზე მძიმე არტილერიით მიიტანეს იერიში. დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. გამთენიისას კი უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის დასახლებული პუნქტების და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი და მარინკაა.