ჩარლზ მესამის მიმართვა

ერთ საათში ჩარლზ მესამეს გაერთიანებული სამეფოს მეფედ, წმინდა ჯეიმსის სასახლეში ოფიციალურად აკურთხებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, როდესაც მეფედ დასახელების პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემენ. ღონისძიებას ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან. ამასთან, ბრიტანეთის დროშებს, რომლებიც ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაშვებულია, 24 საათის განმავლობაში აღმართავენ.

მეფედ კურთხევის ცერემონიამდე ჩარლზმა მოსახლეობას მიმართა. „დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა“– მეფე ჩარლზის თქმით, მისთვის და მთელი ოჯახისთვის დედოფალი იყო შთაგონება და მაგალითი. საკუთარ გამოსვლაში მონარქმა ელისაბედ მეორის მმართველობაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში საზოგადოებამ ტრადიციების მიმართ სიყვარული და პროგრესისკენ უშიშარი სწრაფვა იხილა, რამაც დიდი ბრიტანეთი დიდ ქვეყნად აქცია.