ომი უკრაინაში

ომის 115-ე დღე, რუსული აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა, 580-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსი სამხედროები უკრაინის არმიის პოზიციებს არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ბომბავენ. რუსეთის დაბომბვის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

ოკუპანტების მთელი ძალისხმევა ახლა ხარკოვისკენაა მიმართული იმისთვის, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლა აღკვეთონ. უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მე-11-ე მოტომსროლელი პოლკის ქვედანაყოფები დაამარცხეს, შედეგად კი რუსებმა ბრძოლის ველი დატოვეს. სლავიანსკზე შეტევის შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას იზიუმის მიმართულებითაც ახორციელებს. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სევეროდონეცკში, სადაც საოკუპაციო ძალები წინსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებით ოდესის ოლქზეც მიიტანეს იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროდან ნასროლი ორივე რაკეტა გაანეიტრალა.