ომი უკრაინაში - 42-ე დღე

უკრაინაში აფეთქებები გრძელდება – ქალაქი რუბეჟნოე ოკუპანტების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქშია. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ომის წამოწყებიდან დღემდე მოკლულია 18 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 684 ერთეული ტანკი და 1 861 საბრძოლო მანქანა. ასევე, 332 საარტილერიო სისტემა.

ბრძოლა ისევ გრძელდება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სადაც რუსული ავიაცია დარტყმებს განაგრძობს. უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსეთის სამიზნე ასევე გახდა დნეპროპეტროვსკში ნავთობის ტერმინალი, რომელიც იერიშის შედეგად განადგურებულია. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსები ასევე აგრძელებენ ოდესის ოლქის საჰაერო დაზვერვას. ასევე, მიმდინარეობს რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვისა და ხერსონის ოლქების დასახლებების გათავისუფლება.