16 წლის მოზარდის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

16 წლის ბიჭის ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. მოზარდი 23 სექტემბერს საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გამოვარდა. გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურ ძარცვას ედავება. მათგან 2 არასრულწლოვანია. სწორედ ამ მიზეზით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატების ნაწილი, დღევანდელ პროცესზე, მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

დაკავებულებთან დაკავშირებით, ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის მიერ თავის მოკვლას წინ უძღოდა დაპირისპირება ბრალდებულ პირებთან, რომლებმაც მას მობილური ტელეფონი წაართვეს. ჯგუფური ძარცვის მუხლი, რომელიც დაკავებულებს აქვთ შეფარდებული, 2-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პასუხისგებაში მიცემული ექვსი პირიდან, ერთ-ერთი წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევია, კიდევ ერთი პირი კი, ძალადობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი.

გიორგი კობერიძე აშუქებდა სხდომას სასამართლოში და დეტალებზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.