ილუზიონი
კვირა, 23:00

კვირა, 23:00

განახლებული „ილუზიონი” არის რეპლიკა ჩვენი არხის ძველი საკულტო გადაცემისა, რომელის წყალობით, საბჭოთა ეპოქის ქართველი ტელემაყურებელი სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მაყურებელთან შედარებით, კულტურულ კონტექსტში პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაცემამ ერთგვარი უნივერსალური სარკმელი გაჭრა ეკლიანი მავთულხლართებით დაცულ უზარმაზარ თვითიზოლირებულ საბჭოთა სივრცეში, არა მხოლოდ ფილმების ჩვენებით, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი შესანიშნავი ავტორების მიერ მსოფლიო კინო შედევრების ანალიზის წყალობით! გადაცემის ახალი ვერსიის სახელი და ლოგოს თემა ერთგვარი პატივის მიგებაა მათი დამსახურებისადმი.

ახალი ფორმატი მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველისგან – ჩვენ სრულიად სხვა, ღია და გამარტივებული ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში ვცხოვრობთ. რაც საშუალებას გვაძლევს თავად შევადგინოთ ჩვენთვის სასურველი კინო სეანსების პროგრამა ტელე თუ ვებ პლატფორმაზე. თუმცა ასეთი პროგრამის შედგენა ხშირად არც ისე ადვილია ამა თუ იმ ფილმის ღირსებების, იმ ეპოქების ისტორიული თუ სოციალური კონტექსტის ანალიტიკური პრეზენტაციის გარეშე, რომლებშიც ისინი შეიქმნენ. სწორედ ამ მიზეზით უამრავი შესანიშნავი და საკულტო ფილმი, რომელსაც სხვადახვა ტელეარხსა თუ სინეფილურ ინტერნეტ პორტალზე წააწყდებით, ხშირად უბრალოდ მექანიკური პროგრამის შთაბეჭდილებას ტოვებს.

განახლებული „ილუზიონის” პრიორიტეტი იმ ძველი კინო ფირების ჩვენებაა, რომლებსაც ეპოქალურ შედევრებთან ერთად დიდი როლი აქვს შესრულებული კინემატოგრაფიის განვითარებაში და რომლებსაც ჩვენი მაყურებელი ან საერთოდ არ იცნობს, ან სამწუხაროდ სათანადოდ ვერ აფასებს მათ ღირსებებსა და მნიშვნელობას. სწორედ ამ მიზეზით ახალი „ილუზიონის” ფილმების სელექცია იქნება მრავალჟანრობრივი – დაწყებული ე.წ. „სპაგეტი ვესტერნებითა” და სამეცნიერო ფანტასტიკით, დამთავრებული მუსიკალური კომედიებითა თუ ანიმაციით. ეს არის ფილმები, რომლებმაც თანამედროვე საზოგადოების ფორმირების ერთგვარი მხატვრული ქრონიკა შექმნეს გასულ საუკუნეში; პოპ კულტურა მაღალი ხელოვნების რანგში აიყვანეს და დღევანდელი ეპოქის ისეთივე ფუნდამეტად იქცნენ, როგორც ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობი დიდი კინოკლასიკოსების შემოქმედება.

„ილუზიონის” ყოველი ტელე სეანსის წინ, რომელიც ყოველ შაბათ საღამოს გაიმართება, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს და მოუსმინოს გადაცემის ავტორების – ბაშო ოდიშარიასა და გური სულთანიშვილის მიერ გრაფიკული ვიზუალური ფორმით შესრულებულ ანალიზს კონკრეტული ფილმის შესახებ.

ვიდეო/აუდიო