ზვიად კვაჭანტირაძე - გაურკვეველია, როგორ შეიძლება, არსებულ პირობებში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს
ზვიად კვაჭანტირაძე - გაურკვეველია, როგორ შეიძლება, არსებულ პირობებში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს

თუ სახელმწიფოს შენება გვინდა, ამ ახალ რეალობაში ჩვენ-ჩვენი ადგილები უნდა მოვძებნოთ და პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ, თუ არადა, ეს ცხოვრება მაინც გაგრძელდება და ბევრი მათგანი უბრალოდ, ოფსაიდში დარჩება ყველა იმ მოვლენისგან, რომელიც განვითარდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„პრაქტიკულად, ყველამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება თითქმის 20%-იანი სხვაობით მოიპოვა და ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, როგორ შეიძლება, ასეთ პირობებში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა და ა.შ. ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელისუფლებასა და ახალარჩეულ პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა შედგება, რაც ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

„ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წარმატებული იქნება და ქვეყანას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ ეს თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორისაც ვიხილოთ და უახლოეს მომავალში, მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებასაც მიაღწიონ, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში რეალურად არიან წარმოდგენილი ის ძალები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური არიან, მათ შორის, ოპოზიციის ფლანგიც და პოლიტიკური თანაცხოვრება ციკლის დაურღვევლად, ნორმალურ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, რომ დღეს, კიდევ ციკლიდან ამოვარდნაზე იყოს საუბარი.