ზვიად კუპატაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას #1TVSPORT 
ზვიად კუპატაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას #1TVSPORT 

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდის კაპიტან ზვიად კუპატაძესთან ერთად ევრო 2022-ზე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე გუნდის მზადებასა და მეტოქეებზე ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„მოწინააღმდეგე ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელიც ხშირად იყენებს მეხუთე მოთამაშის უპირატესობას. ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკას, რომელსაც მათ დავუპირისპირებთ. უეფა-ს რეიტინგში ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინაა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და თამაშის საწყისი წუთები ბევრს გვიჩვენებს.

ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მზად ვართ. დიდი მნიშვნელობა ექნება ბრძოლისუნარიანობას მოედანზე. ასე რომ, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, რომ ვიფიქროთ წარმატებაზე. საბედნიეროდ ტრავმები არ გვაქვს და თითქმის იგივე შემადგენლობა გვეყოლება, რაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო.

აქამდე მოვედით და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. თუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, მეტად გასახარი იქნება. კარგი განწყობაა და გუნდში ზედმეტი დაძაბულობა არ არის.

ზვიად კუპატაძე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი:

„მეტოქე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ხშირად იყენებენ მეკარის ჩართვას. აზერბაიჯანთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. სხვა მონახაზი და სულ სხვა სურათი იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას, რადგან ფუტსალში ამას დიდი უპირატესობა მოაქვს.

ასე რომ, ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ. ვიცით, 5/4-ზე როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ და მოგებისთვის ვითამაშებთ. შანსები 50/50-ზეა და ყველაფერს სათამაშო ნიუანსები გადაწყვეტს. ვიცით, რა თამაშს შემოგვთავაზებს მეტოქე. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველით. მთავარია, რომ მწვრთნელის მონახაზი შევასრულოთ და მატჩი ჩვენთვის კარგი შედეგით დასრულდება“.

ევრო 2022-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მეორე მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ 26 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და აზერბაიჯანს შორის 23:30 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ „დ“ ჯგუფში 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.