ზვიად კუპატაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინას მეკარესთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და შეტევაში თამამად ვერ ერთვებოდა #1TVSPORT
ზვიად კუპატაძე - ბოსნია-ჰერცეგოვინას მეკარესთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და შეტევაში თამამად ვერ ერთვებოდა #1TVSPORT

ევრო 2022-ზე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მეორე შეხვედრის მოგების (2:1) შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა და გუნდის ნამდვილმა ლიდერმა ზვიად კუპატაძემ ჩვენი გუნდის თამაში შეაფასა და ამ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელმაც გუნდს მეოთხედფინალისკენ გაუხსნა გზა.

„მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში“, – განაცხადა კუპატაძემ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა წარმატება ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობით ახსნა.

„მებრძოლი გუნდი ვართ – ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ“, – ამბობს კუპატაძე.