ზვიად ძიძიგური - ზვიად გამსახურდია სრულიად უნიკალური მოვლენაა, მას დღესაც ჰყავს მხარდამჭერები
ზვიად ძიძიგური - ზვიად გამსახურდია სრულიად უნიკალური მოვლენაა, მას დღესაც ჰყავს მხარდამჭერები

ზვიად გამსახურდია სრულიად უნიკალური მოვლენაა, მას დღესაც ჰყავს მხარდამჭერები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, დღესაც ზვიადის მხარეს ვართო. მათ შორის მეც ვარ და ამაში ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს ასეა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, საქართველოში არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას და მისი საქმიანობის მიმართ გულგრილად იყო განწყობილი.

„იყო ან ძალიან მისი მომხრე ან ძალიან მოწინააღმდეგე, მაგრამ გულგრილი რომ ყოფილიყო ზვიადის საქმიანობის მიმართ, ასეთი ადამიანი მგონი, არ არსებობდა. მხედველობაში მაქვს 1987-დან 1993-წლამდე პერიოდი, რაზეც ახლა გვიწევს საუბარი. ზვიად გამსახურდიას მისი მმართველობის პერიოდში მოწინააღმდეგეები ჰყავდა, მაგრამ ის მოწინააღმდეგეები დღეს აღარ არიან. ვინც მოწინააღმდეგე იყო, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ რასაც ზვიადი ამბობდა და აკეთებდა, მართალი იყო. ის მიმართულება, რომ ქვეყანა იმპერიისგან უნდა გათავისუფლებულიყო, კრიტიკის მიღმა მიმართულება იყო და ამაზე შეკამათება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ის, რომ ზვიად გამსახურდიას საქმიანობის გვერდით ტოლობის ნიშანი აქვს დასმული საქართველოს დამოუკიდებლობას, ძალიან დიდი პოლიტიკური გაბედულების შედეგია, რაც მას ჰქონდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დადგენა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური ნების მქონე არ იყო.

„შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის, თუ თვითმკვლელობის გამოძიება ასე ვთქვათ, პრიორიტეტული კი არა, საერთოდ არ იყო საჭირო. ფაქტია, რომ დევნა იყო ზვიად გამსახურდიაზე, როგორც მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე. შევარდნაძე მას პირად მტრად თვლიდა. აქედან გამომდინარე, 1993-დან 2003-წლამდე, სანამ შევარდნაძის ხელისუფლება იყო, ჩვენ კითხვის ნიშანი არ გვაქვს, თუ რატომ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოძიება დაიწყო და პარლამენტში კომისიაც შეიქმნა, რომელსაც კოკო გამსახურდია ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაშინაც ვერ მოხდა იმდენი ფაქტობრივი მასალის მოძიება, რაც გამოძიების სრულად ჩატარებისთვის არის საჭირო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუგრძელა და არის იმედი, რომ გამოძიება საქმეში უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს.