ზვიად ძიძიგური - ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას
ზვიად ძიძიგური - ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული, მაგრამ ნაბიჯით, რომელიც გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაიდგა, სასამართლო რეფორმის კრიტიკოსთა წისქვილზე დაესხა წყალი. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს. ეს არის ცალსახა, რომ მოსამართლე და სასამართლო არიან მიკერძოებულნი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, პროცედურული ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

​ძიძიგური აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება სტრასბურგში და ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება.

„როდესაც დასავლელი კოლეგები გვაკრიტიკებენ და აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს, პოლიტიკურ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ის სასამართლო ხელისუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნით, ამით ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა არ სუსტდება.

„არ მახსოვს არცერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო. ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთხვევაში ეს არ შესუსტდება. გინახავთ ვინმე შეშინებული, როდესაც საპროტესტო აქციის დროს აკავებენ?

მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად, წყნარად და კანონის სრული დაცვით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას ისიგრძეგანებს. სხვაგვარად, ჩვენ შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. შეიძლება უმართავი პროცესები წარიმართოს ქვეყანაში, თუკი გაგრძელდება ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეს უნდა შეწყდეს და დასრულდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.