ზვერევმა და ციციპასმა მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვეს #1TVSPORT
ზვერევმა და ციციპასმა მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვეს #1TVSPORT

როლან გაროსის პირველ სათამაშო დღეს მამაკაცთა ტურნირზე ყველაზე დიდი სენსაცია მეოთხე ნომრის, ავსტრიელი დომინიკ ტიმის დამარცხება იყო.

კინაღამ ტიმის ბედი გაიზიარა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა. მან პირველი ორი სეტი წააგო თანამემამულე ოსკარ ოტეს წინააღმდეგ, თუმცა, მომდევნო სამი სეტი დომინირებდა კორტზე და მეტოქეს მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო – 3:6, 3:6, 6:2, 6:2, 6:0. მატჩი ორი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ზვერევმა კარიერაში მეშვიდედ ითამაშა როლან გაროსზე ხუთსეტიანი მატჩი და მეშვიდედ მოიგო. გერმანელის მატჩები ხშირად მიდის ხუთ სეტამდე – ჯამში ზვერევს 23-დან 16 ასეთი მატჩი აქვს მოგებული.

ალექსანდრ ზვერევმა რვაჯერ აიღო მოტოქის მოწოდება, რვა ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მეორე მოწოდებით ქულების 59 პროცენტი მოიგო და 50 „ვინერსი“ დააგროვა.

ბადის ქვედა მხარეს მყოფ ფავორიტებს შორის, ყველაზე დამაჯერებლად ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ითამაშა. მას მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა ბრძოლა ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ, როცა სეტბოლის მოგერიება მოუწია. მომდევნო ორ სეტში ციციპასმა ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა მეტოქე, თავად კი ოთხი ბრეიკი შეასრულა.