ზუსტად ხუთი წლის წინ - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ზუსტად ხუთი წლის წინ - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

2015 წლის 28 აპრილს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეცხრე ტურის პარტია ჩინეთის გუნდს 2,5:1,5 მოუგო და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ჩინეთს ქალაქ ჩენდუში გამართულ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბოლო ტურის პარტიაში გამარჯვება 19 წლის მერი არაბიძემ მოიპოვა რომელმაც ჩენ იანგს სძლია, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ პარტიები ყაიმით დაასრულეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას ასევე ლელა ჯავახიშვილი იცავდა. ბოლო ტურში ქართველ გოგონებს ყაიმიც კი ჰყოფნიდათ პირველობის მოსაპოვებლად.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ელიზბარ უბილავა იყო, კაპიტანი კი დავით ჯოჯუა.

დამოუკიდებელი ქართული ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა ჩვენი გუნდის მეხუთე მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველოს ნაკრები 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოს ნაკრებმა პირველი საუკეთესო შედეგი 2013 წელს დააფიქსირა. ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მაშინ ქართველი გოგონები მესამე ადგილზე გავიდნენ.

2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შედეგები:

I ტური: საქართველო 2:2 რუსეთი
II ტური: საქართველო 4:0 ეგვიპტე
III ტური: საქართველო 2,5:1,5 პოლონეთი
IV ტური: საქართველო 3:1 ყაზახეთი
V ტური: საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
VI ტური: საქართველო 3:1 აშშ
VII ტური: საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
VIII ტური: საქართველო 3:1 სომხეთი
IX ტური: საქართველო 2,5:1,5 ჩინეთი

საბოლოო მდგომარეობა

საქართველო – 17 ქულა

რუსეთი – 15

ჩინეთი – 11

ინდოეთი – 10

უკრაინა – 10

ყაზახეთი – 9

სომხეთი – 7

პოლონეთი – 6

აშშ – 5

ეგვიპტე – 0