ზურიკო დავითაშვილი - სავარაუდოდ, ისევ „ბორდოში“ დავრჩები #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - სავარაუდოდ, ისევ „ბორდოში“ დავრჩები #1TVSPORT

ევრო 2023-ზე ბელგიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მზადყოფნაზე კომენტარი გააკეთა ზურიკო დავითაშვილმა.

დავითაშვილი U21 ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდიდან შეუერთდა. მან 20 ივნისს შოტლანდიასთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ითამაშა, ხოლო 21 ივნისს ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, რთულია ასეთ დატვირთულ გრაფიკში თამაში, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. იმედია, ბელგიასთანაც ისეთ შედეგს დავაფიქსირებთ, როგორიც პორტუგალიასთან იყო.

წინა მატჩში წარმატება კარგია, მაგრამ ახლა მხოლოდ ბელგიასთან თამაშზე ვფიქრობთ და გვსურს, ისევ გავახაროთ ქართველი გულშემატკივრები. ინდივიდუალურად მეტოქის შემადგენლობაში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ მათი სიძლიერე გუნდურობაშია.

ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე ისტორიაა და ჩვენი დიდი სურვილია, ეს ისტორია გაგრძელდეს. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ბელგიის წინააღმდეგ სავსე „დინამო არენაზე“ გვინდა თამაში.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, ისევ „ბორდოში“ დავრჩები“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და A ჯგუფის ლიდერია. მეორე დაპირისპირებას გუნდი ეროვნულ სტადიონზე ბელგიასთან 24 ივნისს გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.