ზურიკო დავითაშვილი - ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში მონღოლეთთან და ნორვეგიასთან გასამართავი მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვილი სანიოლის გუნდს დღეს „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ის მოთამაშეები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას ჩაატარეს.

„ჯვაროსნებთან“ ერთად ვარჯიშობს ზურიკო დავითაშილიც, რომლის „ბორდომაც“ ბოლო ტურში საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში „ნიმი“ 1:0 დაამარცხა. დავითაშვილმა ნორვეგიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. მიზანი, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლაა. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია. 28 მარტს პირველ მატჩში ჩვენს ერთ-ერთ კონკურენტს, ნორვეგიას ვეთამაშებით და საკუთარ მოედანზე ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი გუნდების დამარცხების ძალა შეგვწევს.

ბოლო დროს თითქმის ყველა მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ყველას აინტერესებს, ნორვეგიის დონის გუნდებთან როგორ ვითამაშებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და სამ ქულას ჩავიწერთ“, – ამბობს დავითაშვილი.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, 18:00 საათზე გამართავს. 28 მარტს კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას 20:00 საათზე დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.