ზურაბ პეტრიაშვილი - მამლუქების ჩამოყვანაში მთავრობა ისევე უნდა ჩაერიოს, როგორც მეტრეველის შემთხვევაში მოხდა
ზურაბ პეტრიაშვილი - მამლუქების ჩამოყვანაში მთავრობა ისევე უნდა ჩაერიოს, როგორც მეტრეველის შემთხვევაში მოხდა

ფეხბურთის ფედერაციისა და „ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის მიუხედავად, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ჩვენს ნაკრებში პერსპექტივას ხედავს.

„30 წლის განმავლობაში ვერაფერს მივაღწიეთ იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში გამორჩეული თაობა გვყავდა, მაგრამ მათ ქვეყანამ განვითარებაში ხელი ვერ შეუწყო. ახლა არანაკლებად ვხედავ ქართული ფეხბურთის მომავალს, ვიდრე 30 წლის წინ, როდესაც ქვეყანას ფეხბურთისთვის არ ეცალა. საბედნიეროდ, ქვეყანა დამშვიდდა და სახელმწიფო ფეხბურთს, კლუბებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობას აფინანსებს, რაც ადრე თუ გვიან შედეგს მოგვიტანს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზურაბ პეტრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელის თქმით, საინტერესო თაობა იზრდება: „ახლა ვითარება დალაგდა და ისევ წამოვიდა ისეთი თაობა, რომელთა იმედიც მაქვს – მამარდაშვილი, არაბიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, ნინუა, ქოჩორაშვილი, მალი, ლოჩოშვილი. წარმომიდგენია, მარჯვნივ არაბიძე, მარცხნივ კვარაცხელია, შუაში ჩაკვეტაძე ან დავითაშვილი, თავდასხმაში – მიქაუტაძე და რა გუნდი გვეყოლება. ამ ბიჭებმა ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანონ“.

მისი თქმით, ფეხბურთს ქვეყნის ხელისუფლება უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების ჩამოყვანაში უნდა დაეხმაროს: „ასეთები არიან გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და კონსტანტინე მარადიშვილი. მათი დამატება საქართველოს ნაკრებს საგრძნობლად გააძლიერებს. თავის დროზე მოსკოვის „ტორპედოდან“ სლავა მეტრეველის ჩამოყვანაში საქართველოს ხელისუფლება ჩაერია და ლაზიშვილის ფინანსური დახმარებით გადაიბირეს, რაც კომუნისტური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ამ სამეულის ჩამოყვანაში მთავრობა უნდა ჩაერიოს და ბიჭებს და მათ ოჯახებს დაელაპარაკონ. ამით ჩვენი ნაკრები გაძლიერდება და საქართველოს ნაკრების სპორტული და ფინანსურ წარმატების საფუძველი გახდება. მიმაჩნია, რომ უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების ჩამოყვანა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა“.

პეტრიაშილის აზრით, ნაკრების გაძლიერებისას საქართველოში გაზრდილი ნიჭიერი ახალგაზრდებიც არ უდნა დავივიწყოთ: „გიორგი არაბიძე ჩაკვეტაძესა და კვარაცხელიაზე ნაკლებად ნიჭიერი არ არის. სამწუხაროდ, მისი კარიერა სასურველი მიმართულებით ვერ განვითარდა, მაგრამ 22 წლის ბიჭის ჩამოწერას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. არაბიძის რეალური ძალა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში არ ითამაშა. მის გარეშე გუნდი სუსტად და უფერულად გამოიყურებოდა. ასეთი მოთამაშეზე უნდა აეწყოს ნაკრები, რადგან დაბადებიდან ტალანტი და ლიდერია. ასეთებს კი განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ“.