ზურაბ მუსელაინმა „გაგრა“ დატოვა - ელიგის ბომბარდირი სამხრეთ კორეაში ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ყველა წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება ვერ მოახერხა – ამის შესახებ კლუბის პრეს-სამსახური იუწყება.

„გაგრა“ დატოვა ლუკა ნოზაძემ, რომელსაც გუნდთან დადებული კონტრაქტი ამოეწურა. ყოფილი ვიცე-კაპიტანი გუნდში 2020 წლიდან ირიცხებოდა და „გაგრას“ მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი.

„გაგრაში“ აღარ ითამაშებენ გამოცდილი ნახევარმცველები ზაქარია ბეგლარიშვილი და გიორგი პაპავა. კლუბიდან ორივე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა. შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, გიორგი პაპავა კი წლების განმავლობაში „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

„გაგრა“ ზურაბ მუსელიანმაც დატოვა. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი გუნდთან კონტრაქტის ამოწურვა იყო. შეგახსენებთ, რომ მუსელიანმა დასრულებული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქობულეთის „შუქურას“ 7 გოლი გაუტანა, ჯოვინო ფლამარიონთან (ბათუმის „დინამო“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო თბილისი“) ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბოლო ცნობებით, მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს.