ზურაბ მამალაძე - გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ დავალებას თავს გაართმევს #1TVSPORT
ზურაბ მამალაძე - გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ დავალებას თავს გაართმევს #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ ყოფილმა მეკარემ, ახლა უკვე ბათუმის „დინამოს“ მეკარეების მწვრთნელმა ზურაბ მამალაძემ ლუკა გუგეშაშვილის შესახებ azerisport.com-თან ილაპარაკა.

– საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ შეძლებს თავდაჯერებული თამაშის ჩვენებას?

– ის ძალიან კარგი მეკარეა, ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი. ლუკა ძლიერია, მას აქვს ხასიათი. გარდა ამისა, ის საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარეობის კანდიდატია. ყოველწლიურად ამატებს და თუ აზერბაიჯანში წარმატებულად გამოსვლას მოახერხებს, მომავალში საუკეთესო ჩემპიონატებზე გადასვლას შეძლებს. ეს ყველაფერი თავად ლუკაზეა დამოკიდებული.

– საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე გამოცდილი გიორგი ლორიაა, ხოლო მისი შეცვლის მთავარი პრეტენდენტები ბათუმის „დინამოს“ კიპერი ლაზარ კუპატაძე და ლუკა გუგეშაშვილი არიან. თუ გუგეშაშვილი მოახერხებს „ყარაბაღის“ მთავარი მეკარე გახდეს, შეძლებს თუ არა იგივე სტატუსის მოპოვებას საქართველოს ნაკრებში?

– ლაზარე და ლუკა ახალგაზრდა მეკარეები არიან. ისინი არიან გუნდის მომავალი. ორივეს შეუძლია ეროვნული ნაკრების კარის დაცვა. ლუკას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის იმსახურებს მუდმივად თამაშს. მას აქვს პოტენციალი, გახდეს კიდევ უფრო ძლიერი მეკარე. ვფიქრობ, ის „ყარაბაღში“ დავალებას თავს გაართმევს.

– „გაბალას“ შემადგენლობაში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობდით. გახსოვს ის წლები?

– რა თქმა უნდა, მახსოვს. მაშინ ძლიერი ჩემპიონატი იყო. ჩემს შემდეგ ლიგა და „გაბალა“ კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ყურების საშუალება არ მაქვს, ამიტომ ვერ შევადარებ მიმდინარე ლიგას ჩემს დროს. რამდენიმე ფეხბურთელთან ვმეგობრობ, ვისთან ერთადაც „გაბალაში“ ვითამაშე.

– გასულ წელს ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ მოახერხეთ ასეთი შედეგის მიღწევა?

– უკვე სამი წელია „დინამოში“ მეკარეების მწვრთნელად ვმუშაობ. დავიწყეთ პირველი ლიგით, სადაც ჩემპიონები გავხდით და პრემიერლიგაში გავედით. ორი წელი ზედიზედ მეორეები გახდნენ, მესამე წელს ოქრო ავიღეთ. ეს სულაც არ იყო ადვილი. მენეჯმენტი, მწვრთნელები, ჩვენ ყველა ვაგრძელებთ მუშაობას. ოჯახივით ვართ. გულშემატკივრებს ძალიან უყვართ ჩვენი გუნდი. ახალი სტადიონი გვაქვს, გულშემატკივრები ყველა თამაშზე მოდიან.

– ბოლო წლებში აზერბაიჯანული და ქართული კლუბები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ევროტურნირებზე. გსურთ თუ არა ბათუმის „დინამო“ აზერბაიჯანის ჩემპიონს საკვალიფიკაციო საწყის ეტაპზე შეხვდეს?

– ვისთანაც უნდა ვითამაშოთ, გაგვიჭირდება. ფეხბურთი ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზეა. ყოველ შემთხვევაში, ეტაპის გავლის შანსი ჩვენც გვექნება. თუმცა წინასწარ ძნელი სათქმელია, რა მოხდება, თუ აზერბაიჯანის ჩემპიონს შევხვდებით.