ზურაბ ხიზანიშვილი - ხალხი მაინც შეიკრიბება და აჯობებს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში სტადიონზე შეუშვან
ზურაბ ხიზანიშვილი - ხალხი მაინც შეიკრიბება და აჯობებს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში სტადიონზე შეუშვან

ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ ევრო 2020-ის ფინალის შესახებ ილაპარაკა.

„ბუნებრივია, ფეხბურთელები გუნდებში ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში. მოიგებს ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც და სამწვრთნელო სტაფიც უკეთეს სათამაშო სტრატეგიას შეიმუშავებს, ვინც უკეთეს შეცვლებს განახორციელებს“, – ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელი დაეთანხმა მოსაზრებას, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოველთვის სიფრთხილეს იჩენს: 

„დიახ, ვაისი ფრთხილი მწვრთნელია, მაგრამ ასეთი თამაშების დროს სიფრთხილე ჩემთვის მისაღებია“.

ზურაბ ხიზანიშვილი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაზე გულშემატკივრების შეშვების მომხრეა:

„გასაგებია, რომ ყველაფერი იმ დროისთვის არსებულ ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩემი აზრით, ხალხი მაინც შეიკრიბება და აჯობებს, სტადიონზე დისტანციის დაცვით შეუშვან“.