ზურაბ ხიზანიშვილი - ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ
ზურაბ ხიზანიშვილი - ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო-ბელარუსის მატჩამდე სოციალურ ქსელში პოსტი ზურაბ ხიზანიშვილმა გამოაქვეყნა – „ჯვაროსნების“ ყოფილი მცველი და კაპიტანი იმედოვნევბს, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყანას გაახარებს.

„რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. ეს პირადად ჩემთვის და ჩვენი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის გამორჩეული თამაშია. ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენც, ნაკრების ყოფილ წევრებს, მწვრთნელებს თუ გულშემატკივრებს, ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება და მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად მივიტანოთ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და საქართველოს!“, – წერია ზურაბ ხიზანიშვილის მიმართვაში.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში, 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეხვდება – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება. 19:10 საათზე კი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ საგანგებო გადაცემა დაიწყება, რომლის სტუმრებიც ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი ნემსაძე იქნებიან.