ზურაბ ჯაფარიძე - პირადად ჩემთვის, არაფერს აქვს სავალდებულო დოკუმენტის სახე, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი
ზურაბ ჯაფარიძე - პირადად ჩემთვის, არაფერს აქვს სავალდებულო დოკუმენტის სახე, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი

პირადად ჩემთვის, არაფერს აქვს სავალდებულო დოკუმენტის სახე, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის წინ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით იმართება და ყველა პარტია ესწრება.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცხადია, წონა ექნება მომლაპარაკებლის ნებისმიერ შემოთავაზებას.

„ბატონმა დანიელსონმა ჩამოსვლამდეც იცოდა, ოპოზიციური პარტიებისთვის რა იყო ყველაზე პრიორიტეტული პუნქტები იმ ექვს პუნქტს შორის, რომელიც ბატონმა შარლ მიშელმა დატოვა საქართველოში.

არაფერს არა აქვს ჩემთვის პირადად სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პრემიერის მიერ ბრიუსელში განცხადებას, რომ არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, არ აქვს მნიშვნელობა.

„ეგ არაფერს არ ნიშნავს, მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან; რა მოხდება დღეს აქ, რა ხდებოდა მათ შორის ბრიუსელში, ოღონდ კამერებს მიღმა, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ის, რომ საჯაროდ რაღაცებს საუბრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ეგ არის საჯარო საუბრები, ბევრჯერ გვინახავს მათი საჯარო განცხადებები, რომ აი, შანსი არ არის, არ მოხდება და ძალიან კარგადაც მომხდარა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ეუთო-ოდირის ანგარიშზე: „მაგას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, არჩევნების საკითხს დღეს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგ თემას მუდმივად წევს „ქართული ოცნება“, რადგან ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. მათ შორის, ამ პოლიტიკურ კრიზისს წინ უძღოდა არჩევნების შემდეგ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, როგორიც იყო მაგალითად მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება; როგორიც იყო მთავარი ადამიანის, ვინც არის „ქართულ ოცნება“, იმისი პოლიტიკიდან დეკლარირებული წასვლა; ვინც იყო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრი, იმის წასვლა თავის პროგრამიანად და ახალი ადამიანის მოყვანა პრემიერ-მინისტრად, რომელიც საერთოდ არ იყო სიაში და საერთოდ, არც პროგრამა წარუდგენია, არც დაპირებები გაუცია და არც არაფერი. ეს ყველაფერი ამის გათვალისწინებით, იმის წინ რა ხდებოდა და კიდევ იმის წინ რა ხდებოდა, მაგას შინაარსი არ აქვს“.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ელოდება თუ არა დღევანდელი შეხვედრის შედეგით დასრულებას:

„არ ვიცი, ჩვენ არ გვქონია ფაქტობრივად ორი დღის განმავლობაში კომუნიკაცია ბატონ დანიელსონთან. დღეს დაგვიკავშირდა. გვითხრეს, რომ იქნება ასეთი შეხვედრა და „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას. თავისთავად ის, რომ პირველი შეხვედრაა, როცა „ქართული ოცნებაც“ ოპოზიციასთან ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს შეიძლება, მიანიშნებდეს იმას, რომ მომლაპარაკებლებმა ჩათვალეს, მოხდა საკმარისად პოზიციიების დაახლოება და ამის გამო, ერთად გვსვამენ მაგიდასთან, ოღონდ შეიძლება, ამის გარანტია არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.