ზურაბ დათუნაშვილი - თუ პრობლემები მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ჭიდაობას
ზურაბ დათუნაშვილი - თუ პრობლემები მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ჭიდაობას

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია.

„საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება აუცილებელია. მიდგომებია შესაცვლელი და საჭიროა სიტუაციის კიდევ უფრო გაჯანსაღება, რათა ყველა სპორტსმენმა შეძლოს საქმიანობა. სამინისტროსთან ერთად ვეცდებით, ჭიდაობის ფედერაციაში მოკვლევა დავიწყოთ, რომ ზურასაც შეეძლოს ჯანსაღ გარემოში კარიერის გაგრძელება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ზურაბ დათუნაშვილმა დიალოგის დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა და შეხვედრა ზოგადად შეაფასა.

„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. ეს ყველაფერი თუ მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას“, – განაცხადა ევროპის ორგზის ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილმა უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა მოითხოვა და განაცხადა, რომ თუკი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე პოსტს არ დატოვებს, მას კარიერის დასრულების, ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.