ზურაბ დათუნაშვილი - პრეზიდიუმს არ ვენდობი
ზურაბ დათუნაშვილი - პრეზიდიუმს არ ვენდობი

დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გასამართ პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრა და მის შემადგენლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

„დღესდღეობით პრეზიდიუმში ისეთი ხალხია, რომლებსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ და მე ამ პრეზიდიუმს არ ვენდობი. რომ ჩაინიშნება სხდომა დაზუსტებით გავეცნობი, თუ ვინ იქნება იქ და შემდეგ გადავწყვეტ დავესწრები მას თუ არა“, – თქვა დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას იგი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან შერიგების თემებსაც შეეხო –

„ეს არ არის ჩემთვის მარტივი თემა. ქვეყნის დატოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არსებული ფედერაციის პირობებში საქართველოში ჩემი კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელია. რაც შეეხება შერიგებას – მე არ მჯერა, რომ გეგეშიძე რამეს ნანობს და არ ვთვლი, ჩვენს შორის რომ ურთიერთობის მოწესრიგების შანსი არსებობს. ჩემი საქმე არის ის, რომ სპორტული კარიერა უკეთესობისკენ წარვმართო. ვაპირებ, რომ გავიმარჯვო. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს მათ შერიგება უნდათ და ზურას არ უნდა შერიგება. რეალობა კი სხვაგვარია – მათ არ უნდათ შერიგება.“

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.