ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას პენსიის ინდექსაციის ფორმულის დასახელებისკენ მოუწოდებს
ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას პენსიის ინდექსაციის ფორმულის დასახელებისკენ მოუწოდებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას”, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე უთხრას ხალხს, როგორ და რა ფორმულით აპირებს მთავრობა პენსიის ინდექსაციას.

პარტია „ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ, პენსია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე იქნება მიბმული.

„პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე, როგორც ამას „ქართული ოცნება” აპირებს, ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა უმნიშვნელოდ, 8-12 ლარით მოხდება ხოლმე. ეს კი ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს, რაც პენსიონერებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მიაყენა ლარის კურსის მერყეობით, ფასების ზრდითა და ცხოვრების გაძვირებით”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” არ აპირებს, ხალხს გაუმხილოს, რა მორიგი მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” არაფერი თქვა საწვავზე – ბენზინსა და დიზელზე აქციზის გაზრდის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ არჩევნების შემდეგ გაზარდა აქციზის გადასახადი და ცხოვრება გაუძვირა ასიათასობით მოქალაქეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, პენსიონერები გაცილებით მეტს ელიან მთავრობისაგან, ვიდრე წლიურად 8-12-ლარიანი ზრდა შეიძლება იყოს. ამასთან, მას გაუმართლებლად მიაჩნია პენსიის ინდექსაცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. “ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში პენსიის ინდექსაციის საკითხი არც დადგებოდა. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პირობებშიც კი, როცა ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, ბიუჯეტში დღესაც არის საკმარისი რესურსი, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში პენსიის ინდექსაცია იგეგმება. ამისთვის კი, მთავრობამ შესაბამისი ფორმულა უნდა შეიმუშაოს.