ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის შვილი - გამოძიების უნდობლობის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის შვილი - გამოძიების უნდობლობის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას შვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგა გულორდავა გამოძიებას ენდობა და აცხადებს, რომ დაკავებულის ბრალეულობის საკითხს სასამართლო დაადგენს.

„მამაჩემი დაკავებულია. გამოძიება ალბათ აქვს რაღაც კითხვები და საფუძვლები შესაბამისად. წინასწარ შეფასებას ვერ გავაკეთებ. კითხვები არსებობდა, კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, რა არის და როგორ არის. არავინ არ სარგებლობს რაიმე პრივილეგიით. თუ ვინმე დამნაშავეა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. არ გვაქვს ჩვენ დღეს ის ქვეყანა, სასამართლო და უწყებები რომ რაიმე უნდობლობის საფუძველი იყოს ამ წუთში ჩემ მიმართ. თუკი გაჩნდება ასეთი უნდობლობის საფუძველი, პირველი ვიქნები, ვინც მე ამას დავაფიქსირებ და ხმამაღლა ვიტყვი, მაგრამ ახლა ამის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. ადვოკატთან გვქონდა ოჯახს კომუნიკაცია. გადის სამართლებრივ პოზიციებს. როგორც ვიცი, ბრალს დღეს წაუყენებენ და შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო.

წინასწარ შეფასების გაკეთება არ შეიძლება. დაველოდოთ, რას იტყვის გამოძიება და რას იტყვის სასამართლო. სასამართლო გადაწყვეტს ბრალეულობის საკითხს, რამდენად დამნაშავეა ან არ არის დამნაშავე“, – აცხადებს გოგა გულორდავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა გუშინ დააკავეს.